ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც სამთავრობო „იმედის” ეთერში თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის თანმიმდევრული პოლიტიკა და მოთმინებაა საჭირო.
ე.წ. საგარეოს განცხადებით, მათთვის მიუღებელია ოფიციალური თბილისის მიერ გამოთქმული თეზისები და იდეები ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
„ცხადია, რომ წინა წლის შემოდგომიდან, ქართული ოპოზიციის უწყვეტი აქციების ფონზე, იზრდება სპეკულაციები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე.
სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია ოფიციალური თბილისის მიერ გამოთქმული თეზისები და იდეები ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
ცხინვალმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომელიც ეფუძნება სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანს, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის არ არსებობა, მსგავს განცხადებებთან ერთად, ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას.
სამხრეთ ოსეთი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენებას და არ აპირებს შეცვალოს განვითარების ვექტორი და სურვილი, გააძლიეროს ყოვლისმომცველი ურთიერთობა მისი უსაფრთხოების გარანტორთან – რუსეთის ფედერაციასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.