უზენაესი სასამართლო 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილის ოჯახის საქმის განხილვას იწყებს

პუბლიკა

დღეს, 8 ივლისს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახის საქმის განხილვას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.

ორგანიზაციის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების არგუმენტები და სრულად დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარემ კი სააპელაციოს ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

„სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ და გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვერ შეასრულეს კანონით მათთვის დაკისრებული ვალდებულება დაეცვათ მოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა სტიქიური უბედურების დროს, რასაც შედეგად მოჰყვა პირის გარდაცვალება.

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება სათანადოდ, ასევე დადგინდა, რომ უშუალოდ სტიქიის დროს შესაბამისი უწყებების მხრიდან არაკოორდინირებული მოქმედებების გამო თავიდან ვერ იქნა აცილებული მძიმე შედეგი”, – ნათქვამია განცხადებაში.

საია წერს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და დღეს სწორედ მათ საკასაციო საჩივრებს განიხილავს სასამართლო ზეპირი მოსმენით.


2015 წლის 13 ივნისს, ღამით, ძლიერი წვიმის შემდეგ თბილისი-ბეთანიის გზაზე, ვერეს ხეობაში მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 მოქალაქე დღემდე დაკარგულია. დაზარალდა 200-მდე ოჯახი.