საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე მომუშავე ევროპარლამენტარები „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურებიან. განცხადება ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მას ხელს აწერენ: ასოცირების საპარლამენტო ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი, საგარეო საქმეთა კომიტეტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიკსერი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიის მთავარი საყრდენი და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ნაწილია.
„სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს განჩინება ბ-ნ უგულავას საქმეზე ბადებს კითხვებს პროცედურებთან, დროისა და მოტივაციის შესახებ. ეს კიდევ უფრო ძაბავს საქართველოში პოლიტიკურ გარემოს. საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საარჩევნო რეფორმის შესახებ კონსენსუსის მისაღწევად“, – ნათქვამია განცხადებაში.
————————-
10 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრებას არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი გამოეხმაურა.
„იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ შემაშფოთებელია, რბილი შეფასება იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება არ არის დემოკრატია“, – წერდა თწიტტერ-ზე ადამ კინზინგერი.
კინზინგერის განცხადებიდან რამდენიმე საათში უგულავას დაპატიმრება გააკრიტიკა სენატორმა ჯიმ რიშმაც, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა. „როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე ვუთხარი, სასამართლოს დამოუკიდებლობის კოლაფსი და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა“, – წერდა თწიტტერ-ზე სენატორი რიში.
ამერიკელ პოლიტიკოსებთან ერთად პოზიცია საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გამოხატა. როგორც საელჩო წერდა, იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.
შეშფოთება გამოთქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმაც და განაცხადა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები „ლაკმუსის ქაღალდი“ იქნება.
უგულავას დაკავება გააკრიტიკეს იმ ქართველმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც წარსულში „ქართული ოცნების“ წევრები ან გიგი უგულავასთან დაპირისპირებულები იყვნენ. მათ შორის, გიორგი მარგველაშვილმა, თამარ ჩუგოშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ალექსანდრე ელისაშვილმა.