უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება - ირაკლი კობახიძე

პუბლიკა

„ქართულ ოცნების“ ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საზოგადოებას გააცნო პარტიის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის.

„მოლაპარაკებების ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერდა პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი. უნდა გდასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებითი კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განახცადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი. ამასთან მოლაპარაკებების წარმოებისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ასეთ შემთხვევაში აზრი არ დაიკარებოდა მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმდინარე შემადგენლობას პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა მიეცემოდა.

აღნიშნული ზეპირი შეთანხმება ზედმიწევნით აისახა კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ პოლიტიკური შეთანხმების პირველად პროექტში“, – განაცხადა მან.

კობახიძის განხცადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას არ ეწინააღმდეგება. 

„ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. აღნიშნული გარემოება პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციითა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის მიხედვით საქარათველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განმწესების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.


22 ივნისს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი სანამ ახალი სასამართლო რეფორმები არ გატარდება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას მხარი დაუჭირა.

9 კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. საბჭომ 9 მოსამართლე 50 კანდიდატიდან შეარჩია.

შერჩეულ მოსამართლეთა შორის არიან:

  1. გიორგი გოგიაშვილი
  2. გოჩა აბუსერიძე
  3. ლევან თევზაძე
  4. ქეთევან მესხიშვილი
  5. გიორგი შავლიაშვილი
  6. რევაზ ნადარაია
  7. ბიძინა სტურუა
  8. ეკა ზარნაძე
  9. ლაშა ქოჩიაშვილი

ოპოზიცია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და სასამართლოს საკითხზე მომუშავე არასამთავრობო როგანიზაციები აცხადებენ, რომ პროცესი დარღვევით მიმდინარეობს და ის ეწინაღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.