უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს - საია

პუბლიკა

2021 წლის 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა და შედეგად 9 კანდიდატი შეირჩა.[1] კანდიდატების შერჩევის მიზნით საბჭოში მიმდინარე პროცესი არსებითად პრობლემური იყო, რადგან საბჭოს წევრების შეფასებები აჩენდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულებისა და შაბლონურობის შთაბეჭდილებას“ – ამის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

საიას განცხადებით, კლანური ძალაუფლების და სასამართლო სისტემის მანკიერი მართვის მთავარი ღერძი იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია მოქცეული, რომლის გავლითაც სასამართლოში ყველა მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მრავალი წელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ისევე როგორც საერთო სასამართლოების თვითმმართველობის ორგანო, კრიტიკის პირობებში ახორციელებს საქმიანობას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესიც ამგვარ მოცემულობაში წარიმართა.

„საბჭოს არსებული შემადგენლობისადმი ფუნდამენტური კრიტიკისა და სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობის პირობებში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი აღიქმებოდა კლანური ძალაუფლების განმტკიცებისა და არსებული პრობლემების გაღრმავების მორიგ ეტაპად“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, მიმდინარე პროცესი ლეგიტიმაციის კრიზისით ხასიათდება. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 28 აპრილის რეკომენდაცია, რაც პრობლემას ამწვავებს.

„ვენეციის კომისია, რეფორმების საჭიროების გათვალისწინებითა და კანდიდატების თანასწორობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეთა კონკურსის ხელახლა გამოცხადებას სთავაზობდა.[3] ამის მიუხედავად, კანდიდატების შერჩევის პროცესი გაგრძელდა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 1 ივნისს გამოაქვეყნა კონკურსში მონაწილე პირების ინდივიდუალური შეფასებები. ხოლო 17 ივნისის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარუდგინა საუკეთესო შეფასების მქონე 9 კანდიდატი. კონკურსის მონაწილეების შეფასებების ანალიზი არაერთი მიმართულებით აჩვენებს ხარვეზებს და ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად კონკურსის სამართლიანობასა და სანდოობას“, – წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეფასებების შაბლონურობა

მათი თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში კანდიდატების კვალიფიკაციის შეფასება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთლიანად ეფუძნებოდა შაბლონურ მიდგომებს.

„საბჭოს წევრები უმეტესად იყენებდნენ მზა ტერმინოლოგიასა და ფრაზებს, რათა კანდიდატისთვის მინიჭებული მაღალი ან დაბალი ქულები გაემართლებინათ.

შესაბამისად, დასაბუთებების ხარისხი და მოცულობა იყო მწირი, არ ეფუძნებოდა კანდიდატების კვალიფიკაციის, გასაუბრების დროს გამოვლენილი ძლიერი და სუსტი მხარეების და მათი პიროვნული მახასიათებლების სიღრმისეულ და კონკრეტიზებულ გამოკვლევას“, – წერია განცხადებაში.

მათი თქმით, შაბლონური იყო კეთილსინდისიერების კომპონენტის შეფასების ნაწილებიც.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა წევრის შეფასებაში გაბნეულად არის ფაქტობრივი ინფორმაციები კანდიდატების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, დისციპლინური დევნა, ბიზნეს საქმიანობა, მედიაში მათ შესახებ არსებული ინფორმაციები სხვადასხვა საქმეებთან კავშირში, სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევები და სხვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეფასებების არათანმიმდევრულობა

საია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შემფასებლები ხშირად მსგავსი დასაბუთების პირობებში, არსებითად განსხვავებულ ქულებს უწერდნენ სხვადასხვა კანდიდატს.[4]  მათი თქმით,  რიგ შემთხვევებში ფაქტობრივად შეუძლებელია რაიმე მწყობრი ლოგიკის დანახვა, რის მიხედვით იწერება კონკრეტულ კრიტერიუმში შესაბამისი ქულები.

„მთლიანობაში, არაერთი შემთხვევა იყო ისეთი, როცა კრიტიკული შეფასება არცერთ კომპონენტში დაფიქსირებული არ იყო, მაგრამ კანდიდატს შესამჩნევად დაბალი ქულები ეწერა.

შეფასებების შაბლონურობა და არათანმიმდევრულობა კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციისა და უთანასწორო მოპყრობის რისკებს ზრდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციის მოძიება და სანდოობა

ორგანიზაცია აცხადებს, რომ შესწავლილი შეფასებებიდან გამოჩნდა, კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიების წყაროები არასისტემურია; საბჭოს წევრები ფაქტობრივად არ იჩენენ ძალისხმევას, რომ სათანადო ინფორმაციის მოკვლევით შექმნან კანდიდატის ბიოგრაფიის ამომწურავი და სრულყოფილი სურათი.

მათი თქმით, გაურკვეველია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ფაქტების მოძიების რა მექანიზმები გამოიყენება.

„მაგალითისათვის, შემფასებლები უთითებენ კანდიდატის შესახებ რესპონდენტთა (გარდა რეკომენდატორებისა) გამოკითხვას, თუმცა უცნობია, ვინ არიან აღნიშნული პირები და რა მეთოდოლოგიით ხდება მათი გამოკითხვა.

ასევე, კანდიდატების კომპეტენტურობაზე მსჯელობისას, გამოყენებულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებები.[8] ამ შემთხვევაშიც არ ჩანს, რამდენად ექცევა ყურადღება, როდის არის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებები მომზადებული და რამდენად აქვს კანდიდატს იგივე პროფესიული გამოწვევები ან/და უპირატესობები, რაზეც მოცემულ შეფასებაშია საუბარი…“, – წერია განცხადებაში.

საია აღნიშნავს, რომ გარემოებები კი წარმოშობს კითხვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად სანდო და რელევანტურ ინფორმაციას ეყრდნობიან საბჭოს წევრები კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის შემოწმებისას.

დასკვნის სახით

საიას განცხადებით, პროცესზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებებისა და გაჯანსაღების გარეშე, სასამართლოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი (განსაკუთრებით კი მოსამართლეთა დანიშვნები) უნდობლობის, კორპორატივიზმისა და კლანური ძალაუფლების განმტკიცების წრეზე სიარულია.

საია აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კონკურსის ხარვეზიანად და უსამართლოდ წარმართვის პირობებში, აუცილებელია:

– საქართველოს პარლამენტმა კანდიდატების უზენაეს სასამართლოში განწესების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს საპარლამენტო ოპოზიციასთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე;

– თუკი ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, პარლამენტმა უარი თქვას მოსამართლეების დანიშვნაზე მანამ, სანამ არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა.


გუშინ, 22 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის.

კობახიძის განხცადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას არ ეწინააღმდეგება. 

22 ივნისს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, სანამ არ გატარდება ახალი სასამართლო რეფორმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას მხარი დაუჭირა.

9 კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. საბჭომ 9 მოსამართლე 50 კანდიდატიდან შეარჩია.

შერჩეულ მოსამართლეთა შორის არიან:

  1. გიორგი გოგიაშვილი
  2. გოჩა აბუსერიძე
  3. ლევან თევზაძე
  4. ქეთევან მესხიშვილი
  5. გიორგი შავლიაშვილი
  6. რევაზ ნადარაია
  7. ბიძინა სტურუა
  8. ეკა ზარნაძე
  9. ლაშა ქოჩიაშვილი

ოპოზიცია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და სასამართლოს საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პროცესი დარღვევით მიმდინარეობს და ის ეწინაღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.