საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საია აკვირდება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს. ამ მიზნით დღეს პლენუმის სხდომას უნდა დასწრებოდა ორგანიზაციის წარმომადგენელი, რაც ცნობილი იყო სასამართლოსთვის და საია-ს თანამშრომელზე საშვი იყო დაშვებული. თუმცა სხდომა დაიხურა რის გამოც მონიტორინგის საშუალება არ მოგვეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
მათი თქმით, უზენასი სასამართლოს ნაწილობრივ დაკომპლექტების შემდეგ დღეს პირველად შეიკრიბა და ორგანიზაციულ საკითხებზე იმსჯელა პლენუმმა.
„კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომები, როგორც წესი საჯაროა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღია უნდა იყოს თუ არ არსებობს რაიმე პატივსადები საფუძველი, უფრო მაღალი ღირებულების მქონე საჯარო ინტერესი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მოტივი მოსამართლეთათვის მსჯელობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა იყო.
კანონი, პლენუმს ასევე აკისრებს ვალდებულებას „თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტიცება”. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიმართ ნდობა კრიტიკულად დაბალია, როდესაც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და კითხვები საკასაციო ინსტანციის გარშემო მიმდინარე პროცესების მიმართ, სასამართლოს ჩაკეტვა უარყოფითად აისახება მის მიმართ საზოგადოების განწყობაზე. საია მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს მომავალში კანონის ამგვარი ინტერპრეტაციით ხელი არ შეუშალოს დამკვირვებლებს სასამართლოს მონიტორინგის პროცესში”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.