უზენაესის გადაწყვეტილების შემდეგ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

პუბლიკა

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმე განხილვაში არ მიიღო. გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო, შემდეგი შემადგენლობით: ლევან თევზაძე; მერაბ გაბინაშვილი; მამუკა ვასაძე.

 მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასებით, წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ უზენაესი სასამართლოს დასაბუთება სამართლებრივად მდარეა და მასზე ხელმოწერა მოსამართლეებისთვის ტვირთია.

 „მოლოდინი მქონდა, უზენაესი სასამართლო მხოლოდ იმისთვის, რომ ილუზორულად ვიღაცას შეჰქმნოდა აზრი ამ ქვეყანაში უზენაესი სასამართლოს არსებობის, რაღაცებს დაასაბუთებდა, არსებითად მაინც გვიპასუხებდა.“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

 მისი თქმით, სილის გაწვნა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება არაა და ეს უკეთეს შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

 „ჩვენი კასაციის დიდი ნაწილი ეყრდნობა ამას, რომ სასამართლო პრაქტიკა განსხვავებულია. დეტალურად ვუხსნიდით ამას არაერთი საქმის მაგალითზე. ამ საქმის მოტივაცია პრაქტიკიდან სრულიად გადახვეულია და უზენაეს სასამართლოს ამასაც ვეუბნებოდით, რომ სასამართლო პრაქტიკა დიამეტრულად განსხვავებულია. ნებისმიერი მაყურებელი მიხვდება, რომ სასამართლო მოტივირებულია, უკანონო სასჯელი დაადგინოს მზიას შემთხვევაში.

 მაგალითად: ასეთი საქმეა – ნასვამ მდგომარეობაში დააკავა პოლიციელმა ერთ-ერთი ადამიანი. იქ პოლიციელის შეურაცხყოფა სამხრე კამერებითაა დადასტურებული. ბოლოს იქამდე მიდის საქმე, რომ პოლიციელს საზარდულის არეში პანღურს ამოარტყამს. მერე პოლიციელი აღწერს, რომ ჰქონდა ხანგრძლივი ტკივილები და ა.შ. რით დასრულდა იცით, ეს საქმე? გირაო გამოიყენა სასამართლომ, არც დაუპატიმრებიათ და პირობითი მსჯავრი გამოიყენა.

თბილისის საქმეა ერთი – ცოლთან დაკავშირებით შემაკავებელი ორდენი ჰქონდა, აწიოკებდა ოჯახს და ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს, პოლიცია როცა გამოიძახეს, წიხლი უთავაზა სახეში, დაუზიანა ავტომობილი და ამ ადამიანის მიმართ 3000 ლარი დაადგინეს. ბათუმის საქმე – წესრიგის დასაცავად გამოძახებულ პოლიციელს ქვა უთავაზეს თავში, სცემეს, თავი გაუტეხეს და იქაც ჯარიმა გამოიყენეს.

 მზიას მსჯავრდადებამდე სასამართლოში ვერ ნახავთ მაგალითს, რომ მსგავსი ტიპის ქმედებაზე 2 წლით პატიმრობაა, სადაც არცერთი დღე არ მოაკლეს ზედა სასამართლოებმა და ამავე უზენაესმა მიიჩნია, რომ სასჯელი სამართლიანიაო. რა თქვა იცით, ამავე გადაწყვეტილებაში? ჩვენ ვცდილობდით და ვერ ვაიძულეთ სასამართლო, აღენიშნა ერთი წინადადებით მაინც, რომ მზიას მხედველობა ერთ თვალში არ აქვს და მეორე თვალში 10%-მდე შეუმცირდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში და უზენაესმა სასამართლომ მაინც არ დაწერა ეს. ცინიკურად დაწერა, რომ დიახ, სასამართლომ გაითვალისწინა მისი დიაგნოზი და ამიტომ არის 2 წელი, თორემ ისე 5 წელი იქნებოდაო.“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

 „ფორმულას“ ეთერში მაია მწარიაშვილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვები. მისი თქმით, სტრასბურგში უკვე წასულია ორი საქმე, ერთ საქმეზე, რომელიც მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხება, კომუნიკაცია თითქმის უკვე დასრულებულია; მეორე საქმე ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხს ეხება. გასაგზავნი ორი საქმიდან ერთი მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოუძიებლობაზეა, მეორე კი იქნება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უზენაესის გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე, გაიგზავნება სტრასბურგში.

 „მზიას საქმე რომ წარმატებული იქნება სტრასბურგში, ამაში ეჭვი არ მეპარება.“ – განაცხადა მწარიაშვილმა.