„დროა, საქართველო პრეზიდენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეიწყალოს ნიკა გვარამია”, – მედიის ადვოკატირების კოალიცია ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
კოალიცია კრიტიკულად აფასებს საკასაციო სასამართლოს განაჩენს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც „მთავარი არხის” დირექტორი პატიმრობაში რჩება. კოალიცია მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება და სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, განაჩენი კი უსამართლო და დაუსაბუთებელი.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან ერთად, გამოძიების დაწყების დღიდან ვაცხადებდით, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებული საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლოს განაჩენი კი მხოლოდ ამ უსამართლობის დროში გახანგრძლივებას ემსახურება.
არსებულ ვითარებაში მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადადგას ნაბიჯი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გასათავისუფლებლად. იმ დროს, როდესაც უდანაშაულო ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო ისჯება, პრეზიდენტმა პროცესს გვერდიდან არ უნდა უყუროს. დროა, საქართველო პრეზიდენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს”, – წერია კოალიციის განცხადებაში.
19 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დარჩა. უზენაესმა დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიას ადვოკატის, ასევე კახაბერ დამენიას და პროკურატურის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრები.