იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კონკურსი მოქმედი მოსამართლის, ეკატერინე გასიტაშვილის ვადის ამოწურვამდე 1 წლით ადრე გამოაცხადა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 2024 წლის 31 მაისს დაიწყო. განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 21 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
ეკატერინე გასიტაშვილს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ივნისში გასდის.
ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი” მიუთითებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ვაკანსია უნდა გამოცხადდეს ვაკანსიის გაჩენამდე არაუგვიანეს 3 თვისა. შესაბამისად, ახლა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის შერჩევის პროცედურა „უპრეცედენტოდ და არაბუნებრივად ადრე დაიწყო”.
„სასამართლოს გუშაგს” უჩნდება კითხვა, ხომ არ უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს?
უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა 28 მოსამართლით განისაზღვრება.
ამჟამად 27 მოქმედი მოსამართლეა, მათ შორის 24 უვადოდ არის არჩეული.
2 მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ოთხ თვეში ეწურებათ.
გასული წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა ალექსანდრე წულაძემ, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
2024 წლის 30 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილის და გიზო უბილავას კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ.