იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დღეიდან უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა.
ნაზი ჯანეზაშვილმა ამ საკითხზე დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად მონაწილეობას არ მიიღებს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცესში, რომელიც, მისი შეფასებით, „საბოლოოდ დაასრულებს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებელი მოსამართლეებით დაკომპლექტების პერსპექტივას“.
ჯანეზაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის დაპაუზებას, არც საქართველოს პარლამენტის მხრიდან და არც საბჭოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა ამ ვალდებულების შესასრულებლად.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ინფორმაციით, 25 მაისიდან საბჭო იწყებს კანდიდატების შეფასებას.
„მნიშვნლოვანი გარემოება, რამაც კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასვლა დააჩქარა, არის ის, რომ უკანასკნელ დღეებში ზედიზედ ოთხმა კანდიდატმა უკან გაიტანა განაცხადი. აღნიშნული პირები გასაუბრებაზე უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა მათ კანდიდატურები მოხსნეს, რაც ვფიქრობ, უცნაური შემთხვევაა. ამით გზა გაეხსნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უფრო მოკლე ვადაში გადასულიყო დარჩენილი 38 კანდიდატის (რომლებთანაც გასაუბრება უკვე ჩატარებულია) წერილობითი შეფასების ეტაპზე“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.
სოციალურ ქსელში იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც განაცხადი უკან გაიტანეს:
- მოსამართლე თათია გოგოლაური;
- იურიდიული ფირმის იურისტი და ყოფილი პროკურორი გიზო უბილავა;
- სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელი ფოლადიშვილი ლეილა;
- მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი.
„ნათლად ჩანს, რომ არათუ არ სრულდება შარლ მიშელის დოკუმენტის მკაფიო ჩანაწერი – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის შეჩერების შესახებ, არამედ ფორსირებულად გრძელდება ეს პროცესი.
აქვე მნიშვნელოვანია, ისიც აღინიშნოს, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ირჩევენ 4-წლიანი ვადით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უზენაესი სასამართლოს უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეობის კანდიდატებთან.
ამიტომ მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი 20-30 წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში იქნებიან, ე.წ. ჩინჩალაძის კლანის მიერ შერჩეული მოსამართლეები“, – წერს ჯანეზაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად უზენაეს სასამართლოში 14 უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, მიმდინარე კონკურსები კი მიმდინარეობს 11 ვაკანსიაზე. ჯანეზაშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ვაკანსიების შევსების შემთხვევაში იქნება ე.წ. კლანის მიერ შერჩეული – ჯამში 25 უვადო მოსამართლე.
რა წერია სასამართლო სისტემის რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტში
ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:
- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;
ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით. -
ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.
-
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.
- რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:
1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.
2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.
3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.
- პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
ვადები:
1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.
2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.
3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.
4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.