უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

პუბლიკა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორ კანდიდატს, ივერი აბაშიძესა და გოჩა აბუსერიძეს მოუსმენს. საბჭოსთან გასაუბრება ჯამში 50-მა კანდიდატმა უნდა გაიაროს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა დაწერა დადგენილების პროექტი იმის შესახებ, როგორ უნდა წარიმართოს გასაუბრების პროცესი. ჯანეზაშვილის განმარტებით, ეს პრობლემურია, რადგან, ამ 50 კანდიდატთან გასაუბრების პარალელურად, უზენაესის მოსამართლეობის კიდევ ერთ ვაკანსიაზე მიმდინარეობს გასაუბრება და ამ კონკურსში დიმიტრი გვრიტიშვილი მონაწილეობს.

„მას არ ჰქონდა უფლება დაედგინა გასაუბრების წესები სხვა კანდიდატთან, რადგან კანონი ავალდებულებს მას, რომ დაიცვას ინტერესთა კონფლიქტის მაღალი სტანდარტი და მთლიანად ჩამოშორდეს შერჩევის პროცესს“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

გასაუბრების პარალელურად, უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ იურისტები, კონსტიტუციონალისტები, სამართლის სფეროს ექსპერტები. ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელი გასაუბრების პროცესი „კლანის“ ინტერესებს ემსახურება.

„სასამართლო სისტემაში უნდა დასრულდეს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მმართველობა. ეს ხალხი მართლმსაჯულებას ირგებს საკუთარი ინტერესებისთვის და არა სამართლიანობის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ, საიას წარმომადგენელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის თქმით, სასამართლოს სისტემური ცვლილებები სჭირდება და მხოლოდ პიროვნული ცვლილება შედეგს არ გამოიღებს.

„სამწუხაროდ, არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ არის კორუფციული ეჭვები, პოლიტიკური ზეგავლენა და მცდელობა იმისა, რომ ხელისუფლებას ასიამოვნონ. უკვე დარეკვაც კი აღარ სჭირდებათ, პირდაპირ მზად არიან შეასრულონ ყველანაირი დავალება”, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მიუხედავად ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებისა და იურისტების პროტესტისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ნიკოლოზ მარსაგიშვილი აცხადებს, რომ საბჭო კანდიდატების კონკურსს დარღვევების გარეშე ატარებს.

„წესი დიმიტრი გვრიტიშვილმა არ შეიმუშავა, მან მონაწილეობა მიიღო პროექტის შემუშავებაში,რომელიც საბჭოს სხდომაზე გავიდა და გახდა საბჭოს წევრების მსჯელობის საგანი. როგორც მივხვდი, ნაზი ჯანეზაშვილს არ ჰქონდა შენიშვნები იმ წესთან მიმართებით, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდა. ის მხოლოდ იმიტომ არ დაეთანხმა ამ წესის მიღებას, ვინაიდან, მისივე მოსაზრებით, ეს იყო შემუშავებული დიმიტირ გვრიტიშვილის მიერ“, – განაცხადა მარსაგიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ახალი წესის მიხედვით, თითო კანდიდატთან გასაუბრებას ერთ საათს დაუთმობს. მოსამართლეების 50-ვე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, საბჭო 9 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს განსახილველად.