უზენაესის პლენუმმა საკონსტიტუციოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩია

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი აირჩია.

კიკილაშვილმა მოსამართლე მაია კოპალეიშვილი შეცვალა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა.

უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის არჩევას, რომელიც ფიცის დადების შემდეგ შეუდგება თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე, რომლის საქმეც  განხილულ იქნა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის მიერ.

ხვიჩა კიკილაშვილი არის ის მოსამართლე, რომელმაც ე.წ. „მიქაუტაძის საქმის” ერთ-ერთი ეპიზოდი განიხილა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, გიორგი მიქაუტაძის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ე.წ. მიქაუტაძის საქმე

2016 წლის 26 აგვისტოს პოლიციაში დარეკა ქალმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი გონიოს პლაჟზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ სცემა.

თავდაპირველად გამოძიება ბავშვის ცემის ფაქტზე დაიწყო, იმავე დღეს კი საქმეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები – თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე. მშობლების დაკავების საფუძვლად გიორგი მიქაუტაძის ზარი პოლიციაში სახელდება.

გონიოს ინციდენტამდე ერთი წლით ადრე, გიორგი მიქაუტაძემ ბავშვის დედის, თამარ ხაჭაპურიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განიხილა. მაშინ ხაჭაპურიძემ „ფეისბუკში” შეურაცხყო მიქაუტაძე. არსებული ვერსიით, სწორედ ეს საქმე გახდა 26 აგვისტოს გონიოს პლაჟზე კონფლიქტის მიზეზი.

მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის ფაქტს ხელვაჩაურის სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა. მის მიერ გამოცემულ განჩინებაში, რომლითაც ბიჭის მშობლებს აღკვეთი ღონისძიება შეეფარდათ, ეწერა, რომ ცოლ-ქმარმა გამოძიების შეცდომაში შეყვანა სცადა.

საბოლოოდ, ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის ფაქტი არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმა 4 ათასი ლარის ოდენობით.

2017 წელს საია აკრიტიკებდა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებებს, რადგან მიიჩნევდა, რომ თამარ ხაჭაპურიძის მიმართ სასამართლო რეპრესიული იყო, გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობდა და უკანონო დაკავება სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა.

2019 წელს მოსამართლე კიკილაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში გადაიყვანეს. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაათავისუფლა, რომლის მდივანიც გიორგი მიქაუტაძეა.