იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.
პარლამენტის ცნობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მარსაგიშვილის კანდიდატურის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
სამუშაო ჯგუფს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს.
„სამუშაო ჯგუფში ჩართვა ჩვენ აბსოლუტურად ყველას შევთავაზეთ, როგორც პარტიების წარმომადგენლებს, ასევე უფრაქციო დეპუტატებს. ისევე როგორც სხვა დროს, ახლაც სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იქნებიან არასაპარლამენტო სუბიექტებიც და ამ შემთხვევაში ესენია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.
სამუშაო ჯგუფში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 13 წევრი ეყოლება, ხოლო პოლიტიკურ ჯგუფებს „ხალხის ძალას“ და „ევროპელ სოციალისტებს“ თითო წევრი. ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის სხვა ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და უფრაქციო დეპუტატებს სამუშაო ჯგუფში ჩართვასთან დაკავშირებით კომიტეტისთვის არ მიუმართავთ.
ნიკოლოზ მარსაგიშვილი 2019-2020 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2020 წლის 18 მარტიდან 2024 წლის 18 მარტამდე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან დღემდე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
ნიკოლოზ მარსაგიშვილი არის ე.წ სასამართლოს კლანთან აფილირებული პირი.