გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
საქართველოს სამართლებრივ სისტემაში უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არმიღება, ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ეს ასევე ნიშნავს, რომ ქართულ სასამართლოში დავა დასრულებულია და მზია ამაღლობელის განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.
„ნეტგაზეთი“ წერს, რომ გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო შემდეგი შემადგენლობით:
- ლევან თევზაძე
- მერაბ გაბინაშვილი
- მამუკა ვასაძე
მათ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღეს, ანუ ამ საკითხზე მათი მონაწილეობით სხდომა არ ჩატარებულა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას.
ამაღლობელის საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და მისთვის ბრალის დამძიმებას. კერძოდ, პროკურატურა მოითხოვდა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სასჯელის დამძიმებას.
საიას ევროსასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე ორი საჩივარი აქვს გაგზავნილი.
ერთი საჩივარი მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობასთან დაკავშირებულ დარღვევებს შეეხება. ამ საქმეზე საიამ ევროსასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა.
წერილობითი პოზიცია წარადგინა ასევე საქართველოს მთავრობამაც, რომელიც დარღვევებს არ აღიარებს და მიუთითებს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება, ისევე, როგორც მისი განგრძობადი წინასწარი პატიმრობა, იყო კონვენციურ ვალდებულებებთან შესაბამისი.
მეორე საქმე შეეხება ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, სტრასბურგის სასამართლოს 2025 წლის 17 ნოემბერს მიმართეს ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასთან და მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე სტიკერის „გაიფიცე საქართველო“ გაკვრის გამო. მოგვიანებით შსს-მ ადმინისტრაციული დაკავება პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით გააფორმა.
ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ მზია ამაღლობელი ხელმეორედ ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს.