ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა.
მადურომ 31 ივლისს ქვეყნის უზენაეს სასამართლოს, საპრეზიდენტო არჩევნების აუდიტის ჩატარების მოთხოვნით მიმართა.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კარისლია როდრიგესმა განაცხადა, უზენაესმა ტრიბუნალმა განიხილა ქვეყნის საარჩევნო ორგანოს მასალები და დაადასტურა, რომ 28 ივლისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ნიკოლას მადურო ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს არის „ისტორიული და ძლიერი გადაწყვეტილება”.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესიც, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და მისი გადაცემა შეუძლებელია. სახელმწიფოს ორგანოები გამომდინარეობს სახალხო სუვერენიტეტიდან და მასვე ემორჩილებიან”.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციამ კი ხმების დათვლის საკუთარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც, არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.
გაეროს მონაცემებით, სულ მცირე 23 მომიტინგე დაიღუპა ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე, ხოლო, დაახლოებით, 2400 ადამიანი დააკავეს.
რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ მოუწოდა ვენესუელის ხელისუფლებას გამოექვეყნებინა ხმის მიცემის მონაცემები სრულად, ხოლო სხვებმა, მათ შორის რუსეთმა და ჩინეთმა, მადუროს გამარჯვება მიულოცეს მიულოცეს.
ევროკავშირი არ აღიარებს ვენესუელის არჩევნების ოფიციალურად გამოქვეყნებულ შედეგებს. EU-ის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ვენესუელის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის ჩანაწერები არ გამოუქვეყნებია, მათ მიერ გავრცელებული შედეგების სანდოობა ეჭვის ქვეშ დგას.
ასევე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი აღიარა. 2 აგვისტოს, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „არჩევნების მონაცემები დამაჯერებლად აჩვენებს ვენესუელელი ხალხის ნებას, დემოკრატიული ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა ჩატარებულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა”.
ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს.