ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ეზუგბაიას თქმით, შეიძლება რეგულაციები გამკაცრდა და არაა მარტივი მათი შესრულება, მაგრამ აუცილებელია მათი დაცვა, რომ კორონავირუსის შიდა გავრცელება სწრაფი ტემპით არ წავიდეს და ხალხის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.
„იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ზომიერი, კონტროლირებადი მატება, აუცილებელია, დავემორჩილოთ ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს. გთხოვთ ყველას, რომ დავრჩეთ სახლში აუცილებლად. ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. ჩვენი დაწესებულება მესამე თვეა, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ – მე და ჩემი თანამშრომლები მესამე თვეა, ძირითადად ვცხოვრობთ ცენტრში. ჩვენი ცხოვრების წესია მხოლოდ სამსახური და გარკვეულ პერიოდში ვისაც შეგვიძლია, სახლში წასვლა.
შეიძლება, იყოს ძალიან რთული, რომ დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს უნდა შევასრულოთ აუცილებლად. უნდა დავრჩეთ სახლში, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე, გადავარჩინოთ ქვეყანა რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი მომავალი“, – თქვა მარინა ეზუგბაიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 370-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 370
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 77
- გარდაცვლილი – 3
- კარანტინის რეჟიმში – 5079
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, მათთან 39 პაციენტი მკურნალობს. გუშინ დაემატათ კიდევ ერთი ბავშვი, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოჯანმრთელებაზე პრობლემა არ უნდა შეექმნას. „ეს გახლდათ მეექვსე ბავშვი ქობულეთის წყაროდან“, – თქვა ეზუგბაიამ.