ვაცნობიერებთ თანასწორობის უფლების დაცვის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის - პრემიერის მრჩეველი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილი სოციალურ ქსელში 17 მაისს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრაშია, არ ზღუდავს თანასწორობის უფლებას, თუმცა დღეს ჩვენი ამოცანაა თანასწორობის უფლების პრაქტიკული განმტკიცება.

„თანასწორობა უპირველეს ყოვლისა.

დღეს მსოფლიო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ვიზიარებთ იმ საერთაშორისო სულისკვეთებას, რაც თანასწორობისკენ სწრაფვას გულისხმობს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“

საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების აღსრულება თითოეული ჩვენგანის ვალია. ამას გარდა, ვაცნობიერებთ თანასწორობის უფლების დაცვის მნიშვნელობას ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის.

საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრაშია, არ ზღუდავს თანასწორობის უფლებას. დღეს ჩვენი ამოცანაა თანასწორობის უფლების პრაქტიკული განმტკიცება, მათ შორის სექსუალური, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ.

თანასწორ და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრება თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებაა”, – წერს ლელა აქიაშვილი სოციალურ ქსელში.