„ვადაგასულ შოკოლადს, ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს აკრავდნენ და ყიდდნენ“ | დაკავებულია 2 პირი

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამხილეს ორი პირი, რომლებიც სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს, ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს აკრავდნენ და თბილისის სავაჭრო ქსელში ყიდდნენ.

მათ უცხოეთიდან შოკოლადი სატვირთო მანქანებით შემოჰქონდათ და დეკლარაციასაც აყალბებდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯამში, 85 ათასი ლარის ღირებულების საკვები პროდუქტი ამოიღო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს, აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს, რის შემდეგაც ახდენდნენ მის რეალიზაციას თბილისის სავაჭრო ქსელში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულ იქნა ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრო ორგანიზმებს.

გარდა ზემოხსენებულისა, დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85 000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“, – წერია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 214-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.