„ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი. ეს არის წითელი ხაზი, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს გუშინ შეხვედრაზეც დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით არ არსებობს ქვეყანაში”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან გუშინდელი შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც „ზოგადად მუსირებს და არის განხილვის საგანი ოპოზიციური პარტიების მხრიდან”. ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არ და ვერ ჩაერევიან კანონის აღსრულებაში. მისივე თქმით, მელიას პარტიის წევრებს, ან მის ოჯახს, შეუძლია, რომ გადაიხადონ გირაოს თანხა და ასე გამოიყვანონ ის ციხიდან.
პრემიერმა ასევე ისაუბრა საარჩევნო რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ამ მიმართულებით სრული მზაობა აქვს.
„იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი, კონსტრიუქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვივარაუდო, რომ აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების დღევანდელი ქმედება – პარლამენტის პიკეტირების მცდელობა არის კონტრპროდუქტიული და არ ემსახურება დიალოგის ინტერესებს.
„მე მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს გუშინდელი შეხვედრის. აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით, რაზეც მე, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი, რადგან მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.
მაგრამ, სამწუხაროდ, მათი მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები. შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ვნახეთ, რომ დესტრუქციული ქმედება მათ გააგრძელეს. ვგულისხმობ პარლამენტის პიკეტირების მცდელობას. რაც არის აბსოლუტურად სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ეს არის ანტისახელმწიფეობრივი და უკანონო დესტრუქციული ქმედებები, რომელიც არ ემსახურება არც ამ ფორმატს და არც ამ დიალოგის ინტერესებს, რაც ჩვენ გუშინ დავიწყეთ. მეც ჩემი მხრივ გადავდგი ნაბიჯი და დავაფიქსირე სრული მზაობა ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ვართ მზად გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქარაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით გამართულ შეხვედრაზე ხელისუფლებასთან განსახილველი საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, დღის წესრიგში არის 6 საკითხი, რომელთა შორისაა პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემა.