„ვადასტურებთ, რომ მსგავსი საუბარი შედგა“ | რას ჰყვება ფიგურანტების ნაწილი ჩანაწერებზე

პუბლიკა

„მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, 1 აგვისტოს პირდაპირ ეთერში, მისი თქმით, სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი გაასაჯაროვა.

გვარამია აცხადებს, რომ მის მიერ ეთერში წაკითხული დოკუმენტები შეეხება როგორც ამა თუ იმ ცნობილი პირის, ჟურნალისტის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის უკანონო ჩაწერის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა კომუნიკაციას და ა.შ. გვარამია ამბობს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის ამუშავებდა. გვარამიას თქმით, ეს ინფორმაცია მოიცავს 2020 წელს მომხდარ მოვლენებს.

გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე. 

„სინამდვილეში ჩანაწერები არ არის. ეს არის ტექსტები, რომლებიც ნაბისმიერ ადამიანს შეუძლია, დაწეროს. ნ.ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ-ს და გ.ნ-მ რა უთხრა ბ.ნ-ს ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყანაში ფარული მოსმენის საჭიროება არ არის და გავრცელებული ინფორმაცია პროვოკაციის, ქაოსის შექმნის მცდელობაა.

„მოულოდნელი არ იყო, რომ ასეთი შეთხზული ისტორიით გამოვიდოდა ამ საქმეში გაწაფული და ძველ პერიოდში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე დასაქმებული ადამიანი”, – ამბობს ის.

„ვერ ვიხსენებ. არ ვიცი, რაზეა საუბარი. უნდა ვნახო ჯერ“, – ამბობს ჩანაწერის კიდევ ერთი ფიგურანტი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი მერაბ ქვარაია ტელეკომპანია „ფორმულასთან“. მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კი ამბობს, რომ „იმდენ ტყუილს ლაპარაკობენ [ტელევიზიები] მასთან დაკავშირებით, რომ არაფრის არ სჯერა”.

ინფორმაციას დღის განმავლობაში ასევე გამოხმაურა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მას დეზინფორმაცია უწოდა.

„აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, – წერს სუს.

გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის ავთენტურობის უარყოფის პარალელურად დოკუმენტებში მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები თუ ჟურნალისტები 2020 წლის მოვლენებს იხსენებენ და ამბობენ, რომ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მათი მონაწილეობით აღწერილი დიალოგი ნამდვილად შედგა.

გიორგი მგელაძე, „რადიო თავისუფლების“ გამომძიებელი ჟურნალისტი წერს:

„გუშინ ნიკა გვარამიას გამჟღავნებული ფარული ჩანაწერებიდან ერთი ჩემი საუბარია, რომელიც გასული წლის ზაფხულში შედგა. ჩემმა თანამოსაუბრემაც, გაიხსენა წუხელ, ეს საუბარი უბრალოდ მე თავს შევიკავებ მოსაუბრის დასახელებისგან.

როგორც წესი, ბოლო 2 წელია „სიგნალით“ ვსაუბრობ. ამ შემთხვევაში აქეთ დამირეკეს და ჩაგვწერეს. ვაპირებთ სამართლებრივად მივყვეთ ამ ამბავს, იქნებ და მოსამართლის თანხმობით მიწერდნენ”, – წერს მგელაძე facebook-ზე.

მისი მონაწილეობით ჩანაწერებში ასახული ინფორმაციის ნამდვილობას ადასტურებს „ფორმულას” ჟურნალისტი ნინო გელაშვილი:

„მე ვადასტურებ, რომ ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა. გასული წლის ზაფხულში ჟურნალისტებმა დავურეკეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ინფორმაციის დასადასტურებლად. ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. საუბარი ეხებოდა ინფორმაციის დაზუსტებას, რა თქმა უნდა, არავითარი დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გახდა ეს საუბარი ვინმესთვის საინტერესო, რატომ დაიხარჯა ამაზე რესურსი. ის, რომ ასე ხდება ჟურნალისტების რიგითი საუბრის მოსმენა, შემაშფოთებელია”, – ამბობს ნინო გელაშვილი.

„ეს კომუნიკაცია ნამდვილად იყო ჩემსა და გიორგი ონიანს შორის. ჩვენი საუბარი შეეხებოდა თამთას დაბარებას უსაფრთხოების სამსახურში, მოწმის სახით“, – ამბობს გურამ იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი. 

„ერთია, რომ ჩვენ ყველას გვქონდა განცდა, რომ უკანონო ჩანაწერები და მოსმენები კვლავაც აქტუალურია და კვლავაც ხორციელდება. მეორე არის ამ პრობლემის მასშტაბი. სამწუხაროდ, თუ რამდენად ფართოა ამ პრობლემის მასშტაბი, როდესაც უსაფრთხოების სამსახური სამოქალაქო ორგანიზაციების ერთი მორიგი განცხადების შესახებ კომუნიკაციაზე ხარჯავენ სერიოზულ რესურსს, აკეთებენ პატაკებს და ა.შ.“, – ამბობს იმნაძე.

GDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ონიანიც ადასტურებენ, რომ მათი მონაწილეობით დოკუმენტებში აღწერილი დიალოგი შედგა და სიმართლეა.

„ეს ფაქტები ნამდვილად დასტურდება. მათ შორის, ჩვენი ორგანიზაცია ამ საუბარს ადასტურებს“, – ამბობს თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი.

„აქ არის საუბარი იმაზე, რომ მათ იციან ყველაფერი. მათ იციან და აქვთ საშუალება, რომ გაიგონ, რას ელაპარაკებიან ჩვენი მოქალაქეები ადვოკატებს, მოძღვრებს, ოჯახის წევრებს, ექიმებს. ყველაფერი აბსოლუტურად არის მათთვის ხელმისაწვდომი და ეს ნამდვილად არის აღმაშფოთებელი”, – ამბობს ტელეკომპანია „მთავართან” საუბრისას ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელი.