ვადებზე შეგნებულად არ ვისაუბრებ, „გოცირიძის მეტრო“ ჩვენი აქილევსის ქუსლი გახდა - წილოსანი

პუბლიკა

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გოცირიძის მეტროსადგურის შესახებ ისაუბრა. ის ამბობს, რომ მეტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულდა და ახლა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების შეფასებას ელოდებიან.

„სამუშაოები დასრულებულია, აღარ მიმდინარეობს. ექსპერტების დასკვნას ველოდებით, ექსპერტები დათვალიერებას, შესწავლასა და საექსპერტო დასკვნის მომზადებას ახდენენ. ვადებთან დაკავშირებით „გოცირიძეზე“ შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენი „აქილევსის ქუსლი“ გახდა“, – აცხადებს წილოსანი.

გამოცემის კითხვაზე, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მაგალითის გათვალისწინებით, შესაძლოა თუ არა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაც დაგეგმილ ვადებში ვერ განხორციელდეს, ვიქტორ წილოსანი ამბობს: „მგლის შიშით ცხვარი ვის ამოუწყვიტავსო“.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი კომპანიები უფრო მეტია, ვიდრე უპასუხისმგებლო. „გოცირიძის“ შემთხვევა იყო ერთადერთი და განუმეორებელი, იმედი მაქვს, მსგავსი არაფერი გამეორდება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ვადებში ჩაეტევა“, – აცხადებს წილოსანი.


მეტროსადგურით მოქალაქეები 2 წელზე მეტია, ვერ სარგებლობენ. „გოცირიძის“ რემონტი და რეკონსტრუქცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. თუმცა მეტროსადგურის გახსნა არაერთხელ გადაიდო.

„გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება.

მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც დაეკისრა, თუმცა ჯარიმის ოდენობა მითითებული არ არის.  სამუშაოები მოიცავდა ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებას, ასევე მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „უცხოური საწარმოს შპს კაიზენის“ ფილიალი ასრულებდა. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 3 478 328 ლარს შეადგენდა.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან – შპს „მამისონთან“.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მეტროსადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №369.