ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე ზონალური პარკირება ამოქმედდება - მერია

პუბლიკა

ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოგვიანებით გახდება ცნობილი პროექტის დაწყების თარიღი.

„შემდეგი ტერიტორია, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები. პრინციპი და წესები იგივე იქნება – მოსახლეობამ უნდა დაარეგისტრიროს თავისი ავტომობილები და მათთვის პარკირება, რა თქმა უნდა, უფასო იქნება.

სხვა მოქალაქეებისთვის, მომსვლელებისთვის პირველი 15 წუთი იქნება უფასო, შემდეგ კი ჩაირთვება ღირებულება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირების, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება უფასოა, ქალაქში ელექტრომობილების არსებობის წასახალისებლად.

ეს პროცესი საბურთალოს რაიონში, კონკრეტულად ამ გამზირებზე, დაიწყება მას შემდეგ, რაც მუნიციპალური პავილიონები ვაკის რაიონში მოიხსნება. დამატებით ინფორმაციას მომდევნო მთავრობის სხდომაზე მოგაწვდით და გეტყვით ზუსტ თარიღებს, თუ როდიდან ამოქმედდება პარკირების ეს სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებსა და მიმდინარე ქუჩებზე. მოსახლეობას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ როდიდან ექნება რეგისტრაციის საშუალება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.