ვაჟა გაფრიდაშვილის შვილი ამბობს, რომ „წითელი ჯვარი" დაკავებულის მონახულებას ჯერ ისევ ვერ ახერხებს

პუბლიკა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრიდაშვილის შვილი ირინა გაფრიდაშვილი facebook-ზე მამის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ოჯახმა საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი” და ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ დაკავებული ექიმის იზოლატორში მონახულებას.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 15 ნოემბერს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო უწყება მას „საზღვრის“ განზრახ უკანონო გადაკვეთას ედავება.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს.

“მეგობრებო შევეცდები სიახლეები გაგაგებინოთ, გუშინ ვიყავით ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახში, რომელიც ორი დღის წინ გაათავისუფლეს. სამწუხაროდ, ცხინვალის ციხიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია. ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა მეთოდით გვიწევს. გათავისუფლებულებმა გვითხრეს, რომ ფიზიკურად კარგად ექცევიან, რა თქმა უნდა, პირობები იზოლატორში, სადაც ის ჰყავდათ, ძალიან რთულია.

მამა ნამდვილად არ აწერს ხელს დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და „საზღვარი” გადაკვეთა. ამიტომაც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული საზღვრის განზრახ გადაკვეთის მუხლზე.

მთავრობიდან მაქსიმალურად ყველა ჩართულია და ცდილობენ, სწრაფად მოგვარდეს ყველაფერი. ჩართულია ასევე საერთაშორისო წითელი ჯვარი, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია ცხინვალის ტერიტორიაზე ოფიციალურად შევიდეს და დაკავებული პირადად მოინახულოს. ამ ორგანიზაციიდან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ რამდენიმე დღეა ვერ მოახერხეს შესვლა და ვაჟას მონახულება.

ახლა გვინდა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, „წითელი ჯვრის“ მთავარ ოფისს ჟენევაში.

გამოვიწვიოთ მაქსიმალური საერთაშორისო ჩართულობა, რომ როგორმე სწრაფად დასრულდეს ეს ამბავი.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ თქვენგან, მიხარია და მეამაყებით.
მეამაყება მამა!!”

18 ნოემბერს 12:00 საათიდან, თბილისში, სამედიცინო დაწესებულებების წინ ექიმები „თეთრი ხალათების“ აქციას გამართავენ და ასე გამოუცხადებენ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ცხინვალში დაპატიმრებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს.