ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია – სუს-ის წარმომადგენელი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

მისი ცნობით, მოგვიანებით უწყება უფრო მეტი დეტალების გაზიარებას შეძლებს.

„ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ამჟამად იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში, ყოველდღიურ რეჟიმში მოქმედებდა ცხელი ხაზი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების ძალისხმევით დადგა ის შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით“, – განაცხადა ანთაძემ.


საოკუპაციო ძალებმა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს და მას ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენეს.  ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.