ვაფასებთ თქვენს შეფასებებს ჩვენთვის სტატუსის არმინიჭებაზე - ღარიბაშვილი ორბანს

პუბლიკა

„ვაფასებთ თქვენს შეფასებებს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის შეფასებას, რომ ბრიუსელში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო. „ვიტყოდი, რომ დისკრიმინაციული იყო ეს გადაწყვეტილება… ეს ვერ იქნება მორალურად გამართლებული და საზიანო გადაწყვეტილებაა”, – აღნიშნა მან.

„ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული ევროპული საბჭოს მიერ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული პერსპექტივის მონიჭება“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერთან  გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას, რაც გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

„ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას და მე მჯერა, რომ ჩვენს შორის ისედაც არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება, დამატებით იმპულსს მისცემს ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს. მე მინდა, გითხრათ ბატონო პრემიერო, თუ რაოდენ ძლიერად ვაფასებთ პირადად თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომლებიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული ევროპული საბჭოს მიერ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული პერსპექტივის მონიჭება“, – თქვა მან.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს 12 რეკომენდაციაზე, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროსაბჭოსა და ევროკომისიის მიერ. მისი თქმით, პროცესში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური ფლანგი.

„ ჩვენ ჩვენის მხრივ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ სტატუსი. მე ასევე მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა, მთავრობებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ხალხის და ქვეყნის მიმართ“, – თქვა მან.

ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს განუცხადა, რომ ის პატივს სცემს ორბანის პოლიტიკას.

„აქვე მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა დავადასტურო ბატონი პრემიერის [ორბანის] და მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ“, – თქვა მან.


ვიქტორ ორბანი ცნობილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თბილი ურთიერთობებით და პუტინის უახლოეს მოკავშირედ მოიაზრება ევროკავშირში. ის აკრიტიკებს რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს და ამბობს, რომ ევროკავშირმა სანქციები ისე დააწესა, რომ ამის შესახებ ევროპელი ხალხისთვის არ უკითხავს.

ორბანი რუსეთიდან საწვავისა და გაზის იმპორტის შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდა, ასევე ევროკავშირის წევრი სხვა მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, უარს ამბობდა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე. თუმცა რუსეთისთვის დაწესებულ საერთო სანქციებს ხმა თავადაც მისცა. ის აცხადებდა, რომ ამგვარი დახმარება უნგრეთს ომში ჩაითრევს. ორბანი საკუთარ თავს ქვეყანაში სიმშვიდისა და უსაფრთხოების დამცველად მიიჩნევს.

უნგრეთის პრემიერი ცნობილია უარყოფითი დამოკიდებულებით ბრიუსელის, პოლიტიკური ოპოზიციის, მედიისა და ლგბტქ+ თემის მიმართ. მას არჩევნების დროს მხარს უჭერდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფებიც.