აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის თქმით, რუსულმა სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ჩრდილო კორეისგან იარაღი მიიღო. მისივე თქმით, „ვაგნერი“ შეიარაღების მოძიებას მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში „ვაგნერის“ როლი იზრდება.
„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩრდილო კორეამ „ვაგნერს“ თავისი იარაღი უკვე მიაწოდა. გასულ თვეში რუსეთმა ჩრდილო კორეისგან სარაკეტო დანადგარები და რაკეტები შეიძინა, რომელიც „ვაგნერმა“ უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა კირბიმ.
ჯონ კირბის თქმით, ეს ბრძოლის ველზე დინამიკას ვერ შეცვლის, თუმცა ვაშინგტონში მოელიან, რომ ფხენიანი გააგრძელებს რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას.
„ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა კი კირბის კომენტარს „სპეკულაცია“ და „ჭორი უწოდა. პრიგოჟინის თქმით, ჩრდილო კორეისგან „ვაგნერს“ შეიარაღება არასდროს მიუღია.
კირბისვე განცხადებით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინაში „ვაგნერის“ 50 000 სამხედრო იბრძვის. მათგან 10 000 კონტრაქტორია, 40 000 კი მსჯავრდებულია და ციხეებიდან წაიყვანეს ფრონტზე.
„ვაგნერს“ ცენტრალური როლი აქვს დონბასში ქალაქ ბახმუტის წინააღმდეგ მიტანილ ჯერჯერობით უშედეგო იერიშებში. ვაშინგტონში ამბობენ, რომ გასულ კვირებში რუსულმა სამხედრო ორგანიზაციამ ბახმუტის აღების მცდელობისას 1 000-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა.
დასავლეთმა „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციები უკვე დააწესა, თუმცა კირბის თქმით, ვაშინგტონში რუსული სამხედრო ორგანიზაციის წინააღმდეგ ახალ სანქციებზეც მუშაობენ.