ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას - EU-US სამიტის განცხადება

პუბლიკა

აშშ-ევროკავშირის სამიტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი და ნათქვამია, რომ აშშ და ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას და ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება.

„ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ადასტურებენ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ.

„ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დაახლოებით 800 მილიონ მოქალაქეს წარმოადგენენ, გაერთიანებულნი არიან ღირებულებებით, დაკავშირებულნი არიან დედამიწაზე ყველაზე დინამიკური ეკონომიკური ურთიერთობებით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ. 2021 წლის ივნისში გამართული აშშ-ევროკავშირის ბოლო სამიტის შემდეგ, მსოფლიო უპრეცედენტოდ შეიცვალა და ჩვენ საპასუხოდ ამბიციური ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ ერთად ვმუშაობთ მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად რეგიონში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის ურყევი მხარდაჭერით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში საუბარია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზეც და აღნიშნულია, რომ ისინი ურყევად განაგრძნობენ უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას და იქამდე გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.

ამასთან, განცხადებაში აშშ და ევროკავშირი გმობს „ჰამასის” ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. მათი თქმით, ისრაელს სრული უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

20 ოქტომბერს, სამიტის ფარგლებში ვაშინგტონში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდნენ.