დღეს შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან 4 წელი გავიდა, რასაც საქართველოს პრემერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იყო საქართველოს ძალისხმევის, მის მიერ გატარებული რეფორმების შეფასება, ხელისუფლება კი დღესაც „აგრძელებს შრომას და ემზადება 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად.
„ამ უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენამ კიდევ უფრო დააახლოვა საქართველო ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახს და ახალი შესაძლებლობები გახსნა მის წინაშე. დღემდე საქართველოს მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით ევროპის ქვეყნებში.
ჩვენ ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად.
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, მაქსიმალურად ისარგებლოს ყველა სიკეთით, რაც ევროინტეგრაციას მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისათვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2017 წლიდან უვიზო რეჟიმის ამოქმედებით საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მოკლევადიანი ვიზიტების საშუალება მიეცათ. მოქალაქეებს ევროპაში ყოფნა უვიზოდ 90 დღით შეუძლიათ ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.