ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესტონეთთან აღარ უხელმძღვანელებს – ფედერაცია

პუბლიკა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.

ფედერაციის ცნობით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ მიიღო.

„2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა.

ვლადიმირ ვაისთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის ფინალში ითამაშა. ვლადიმირ ვაისის მატჩების სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში – 16/15/16.

რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს.

39 წლის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით“,– ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.