13 დეკემბერს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში „შეჭრისა და დარბევის“ შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ „პუბლიკა“ ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიას ესაუბრა.
„არა, არა, ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან“, – გვიპასუხა დეკანოზმა ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე.
მისი თქმით, იქამდე არაერთ შეურაცხმყოფელ შეტყობინებას იღებდა და გარდა ამისა, ზოგიერთ ჩატში, სადაც მისი ნაცნობებიც იყვნენ, მას შეურაცხყოფილად მოიხსენიებდნენ და გეგმავდნენ დეკანოზთან „მივარდნას“.
„იმ დღეს მსვლელობა რომ დავინახე, [თავი] ავარიდე. ჩემი გარდაცვლილი მეგობრის შვილიშვილი უნდა მომენათლა, ტაძართან რომ არ დაძაბულიყო [სიტუაცია], ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა და ყვირილს დამიწყებდნენ. შევედი ტაძრის ოთახში და რომ შევედი, როდესაც გამოიარეს, დაიწყეს ყვირილი – შე პროპაგანდისტოო; გეშინია ახალგაზრდებთან გამოსვლის, იქ ხომ არ მოდიხარ, აქაც ვერ გამოდიხარ, ბავშვების გეშინია, შე მოღალატეო და ა.შ.
უცებ, არ ვიცი, რა მოხდა ჩემში, გამოვვარდი ეგრევე და მივედი ამ ხალხთან. ვის ეძახით მოღალატეს, ან რატომ მეძახით, იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა-მეთქი?“, – იხსენებს დეკანოზი „პუბლიკასთან“.
დეკანოზი აღნიშნავს, რომ მსვლელობაში მონაწილე რამდენიმე პირის მხრიდან სასულიერო პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხყოფის მიუხედავად, მისგან „არასწორი იყო ხმამაღალი საუბარი. მე ჩემი თავი, ჩემი სახე რომ დავინახე, ეგ მღვდლის სახე არ არის. მღვდელი ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, უნდა მქონდეს მოთმინება და ასე ნამდვილად არ უნდა მოვიქცე. არ მინდა, თავის მართლებაში ჩამეთვალოს ეს ყველაფერი, მაგრამ წლების დაგროვილი იყო ეს ყველაფერი. ამდენი წელი ასე რომ მაგინებენ, მლანძღავენ […] ვფიქრობ, რომ იმ დღეს ამ ყველაფერმა ერთად ამოხეთქა ჩემში, რაც სწორი არ იყო და ამას მე არ ვამართლებ“.
მისივე თქმით, კადრებში არ ჩანდა მსვლელობის მონაწილის მხრიდან შეურაცხმყოფელი რეპლიკები. თუმცა დეკანოზი აღნიშნავს, რომ შეურაცხყოფას ყველას პატიობს – „ისინი ჩემი შვილები არიან და მე ისინი ძალიან მიყვარს, მიუხედავად მათი ამ საქციელისა“.
ტაძრის წინამძღვარს ასევე ვკითხეთ, როგორ აფასებს 30 ნოემბერს ქაშვეთის ეკლესიის ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების შეჭრას და იქიდან აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გამოყვანას.
„არ მინახავს, ამ ხანებში ინტერნეტში არ შევდივარ საერთოდ და თუ ასეთი რამე მოხდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. არ შეიძლება! ორმაგ სტანდარტებზე საშინელება ჩემთვის არაფერი არ არის. როდესაც ერთ მხარეს ამართლებ და მეორე მხარეს არ ამართლებ. ერთი მხრიდან რომ მისაღებია ძალადობა ადამიანისთვის და მეორე მხრიდან რომ არ გმობ ძალადობას. ძალადობა ყველა ვარიანტში წარმოუდგენელია. დაუჯერებელია, რომ მღვდელი რამე ძალადობას ამართლებდე. მე ჩემს საქციელს ვერ ვამართლებ. მე რომ ხმას ავუწიე, ეს არ არის მღვდლის საქციელი და არ ვამართლებ. როგორ შეიძლება გამართლდეს ტაძარში შესვლა და ვიღაცის გამოყვანა?! გაუმართლებელია! როგორც ჩემთვის მიუღებელია, როცა ადამიანს რაღაცას ესვრი დასაწვავად, ან ქვას ესვრი“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
13 დეკემბერს ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობდა, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ამ ინციდენტის შემდეგ, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის აცხადებდა, რომ „ჯგუფმა ჩამოიარა, ტაძარში მოგვივარდნენ, დამიწყეს ყვირილი – მოღალატეებო, გამოდით! ეკლესიის მტრებო, გამოდით! […] ეკლესიაში მოგვივარდნენ, კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა… ზუსტად ეგ იყო, დადგნენ ტაძრის წინ და გვეძახდნენ, „მოღალატე, გამოდი!“.
სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდმა და პირმა სასულიერო პირის ეს მიმართვა დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს იმგვარი ინტერპრეტაციით, რომ თითქოს, მარშის მონაწილეები ეკლესიაში შეიჭრნენ და დაარბიეს.