„მე ვეღარ ვხედავ მზეს“, „ნუ გვიბნელებ ცას“ – ამ მოწოდებებით დღეს თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა და აქტივისტებმა ყიფშიძის ქუჩაზე 25, 19 და 16-სართულიანი სამი ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. ისინი მშენებლობას უკანონოს უწოდებენ და მშენებლობის ნებართვის შეჩერებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს თბილისის მერთან შეხვედრა. დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ აღნიშნული აღნიშნული მშენებლობა „რა თქმა უნდა, გაგრძელდება“.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე სამშენებლო ნებართვის ერთ-ერთ პრობლემად 14 წლის წინ ჩატარებულ გეოლოგიურ დასკვნას ასახელებს და ამბობს, რომ ის უფრო მცირემასშტაბიან ნაგებობებზე იყო გათვლილი.
„არის არასათანადოდ შესწავლილი, წარმოადგენს არაკვალიფიციურ დასკვნას, რადგან გეოლოგიური კვლევა ჩატარებულია 14 წლის წინ და მშენებლობის ნებართვაც 14 წლის წინ ჩატარებულ კვლევას დაეყრდნო, ეს კვლევა ჩატარებულია 6 და 17-სართულიანი შენობებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აქ შენდება ბევრად უფრო დიდი მასშტაბის შენობები – 25, 19 და 16-სართულიანი შენობები. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არავინ არ აქცევს გეოლოგიას ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში გვქონდა ვაშლიჯვრის მეწყერიც, 13 ივნისის ტრაგედიაც და ამ მშენებლობის მიმდებარედ არის მეწყერიც და მდინარე ვერეს არეალიც“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ყიფშიძის ქუჩაზე გაცემული ნებართვა კანონის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, და ნებართვის ბათილობის საფუძველს ქმნის. ორგანიზაცია ასევე პრობლემად ასახელებს იმას, რომ სადავო სამშენებლო ნებართვის გაცემისას, სახელმწიფო ორგანოებმა სრულად გაუუქმეს დეველოპერს სიმაღლის შეზღუდვა, რითიც უგულებელყვეს მომიჯნავე შენობებში მცხოვრებთა და უბნის მოსახლეობის ინტერესები და დაარღვიეს მათი უფლებები.
„ყიფშიძის ქუჩის პროექტის მასალების შესწავლიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიას სამშენებლო ნებართვის გაცემისას არ შეუსწავლია სადავო პროექტის გავლენა მიმდებარე ნაგებობებსა და საჯარო სივრცეებზე, სატრანსპორტო გზებსა და სხვა სოციალური ინფრასტრუქტურაზე. მშენებლობის ნებართვა მთელი რიგი კანონდარღვევებით 2021 წლის 20 ივნისს მიიღო კომპანია „გუმბათი ჰოლდინგი+მა“, – ვკითხულობთ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.
ამ საკითხზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნული მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება, რადგან წლების წინ ამ ტერიტორიაზე ადამიანებს არაკეთილსინდისიერმა კომპანიებმა ვერ აუშენეს საცხოვრებელი ფართები.
„რა თქმა უნდა, გაგრძელდება [მშენებლობა]. წლების წინ ადამიანებს, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერმა სამშენებლო კომპანიებმა ვერ აუშენეს საცხოვრებელი ფართები და ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ, შეიძლება იმ წლებში, როდესაც ეს მშენებლობა იყო დაწყებული, საერთოდ არ ცხოვრობდნენ მანდ. ასე რომ, მე მესმის ამ ოჯახების, არაინ უმძიმეს მდგომარეობაში, ამდენი წელი ბინის გარეშე არიან დარჩენილი, არიან მოტყუებული და ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც ეს პრობლემა მოაგვარა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მშენებლობას „გუმბათი ჰოლდინგი+“ ახორციელებს. კომპანია რუსთავის ყოფილ მერს, (1995-2005 წლებში) და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრს, მერაბ ტყეშელაშვილს ეკუთვნის, რომელიც დეველოპერულ კომპანიას ბიზნესმენ თამაზ ბალაძესთან ერთად ფლობს.
„მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყიფშიძის ქუჩაზე მსგავსი მასშტაბის მშენებლობა ყოვლად დაუშვებელი და უკანონოა. ქალაქმა უნდა გამონახოს შესაძლებლობა და საშუალება, რომ მომჩივანთა და სხვა მომიჯნავე ბინებში მცხოვრებ პირთა უფლებების დარღვევის გარეშე უზრუნველყოს დაუმთავრებელი მშენებლობით დაზარალებულთა მხარდაჭერა როგორც ყიფშიძის ქუჩაზე არსებული ობიექტის, ისე სხვა პროექტების შემთხვევაში ქალაქის მასშტაბით. სხვა შემთხვევაში განახლებული მშენებლობების ტალღა ქალაქგეგმარების არამდგრადი, საფრთხის შემცველი და უკანონო პოლიტიკის გაგრძელება გახდება“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.