ვახო მეგრელიშვილი პატრულმა 2 500 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი 21 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის 2000 ლარით, მართვის უფლების გარეშე გადაადგილებისთვის კი 500 ლარით დააჯარიმეს.

მეგრელიშვილი Facebook-ის პირდაპირ ეთერში ჰყვება, რომ ის ტელევიზია „კავკასიის“ გადაცემიდან ბრუნდებოდა, 9 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის კი სპეციალური ნებართვა არასდროს აუღია. არც – ამჯერად.

მეგრელიშვილის განცხადებით, მას საპატრულო პოლიციამ გამოუწერა ერთი 2000-ლარიანი ჯარიმა, შეზღუდვის დარღვევისთვის და მეორე 500-ლარიანი. მეგრელიშვილს ვიდეოში პატრული განუმარტავს, რომ 500-ლარიანი ჯარიმა მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილებისთვის გამოუწერეს.

„სამი წელია, მართვის უფლება არ მაქვს, მარა ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს. ანუ რეალურად პოლიციამ ახლა აღმოაჩინა ბანდიტი, რომელიც დააჯარიმა 2500 ლარით. წარმოიდგინეთ, რომ არ ჰქონდეს ბანდიტს 2500 ლარი, ფეხებზე არ ჰკიდიათ?! 300 ლარს აძლევენ დახმარებას ადამიანებს… მეუბნება, ვინმე მოვიდესო და წაგიყვანოსო, თორემ საჯარიმოში გადაგსვამთო. როგორ უნდა მოვიდეს ჩემთან ვინმე, თუ საშვი არ აქვს? ვინმე ელოდა იმას, რომ მე პატრული თუ პოლიცია დამიჭერდა და მე უნდა წამიყვანოს? ეთერში მყოფ ადამიანს, ფაქტობრივად, მტოვებენ ქუჩაში, 2500-ლარიანი ჯარიმით.

პარლამენტი რომ ყოფილიყო, მგონია, იქ ვილაპარაკებდით ამაზე, მაგრამ პარლამენტი რომ არ გვაქვს, სად უნდა ვუჩივლო… თან მეუბნება, გამისაჩივრეო… სად უნდა გავასაჩივრო, რომელ სასამართლოში, მურუსიძესთან? მურუსიძესთან ვერ გავასაჩივრებ“. – ამბობს მეგრელიშვილი.