საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრის წამყვანმა, ვახო სანაიამ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, მის წინააღმდეგ ქარტიას „საქართველოს პარაოლიმპიურმა კომიტეტმა“, გვანცა გოგსაძემ, კესო ქარდავამ და მარიამ ქრისტესიაშვილმა მიმართეს.
„განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენია. ჟურნალისტის მხრიდან კი ამას მყისიერი გამოხმაურება არ მოჰყოლია და არც რესპონდენტის გამონათქვამს გაემიჯნა გადაცემის მიმდინარეორების დროს. მათი აზრით, შშმ პირების მსგავსი ფორმით წარმოჩენა ხელს უწყობდა პარაოლიმპიელების და შშმ პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის გაღრმავებას“, – აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქარტიის ცნობით, სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 13 ნოემბერს გავიდა. მათივე განცხადებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.