ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოიტანა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.


გამოძიების ვერსიით, ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი ვახო სანაიას მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. მათ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. პროკურატურის თქმით, ვაჟა გიგაური სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სულიკო საყევარიშვილმა ძალადობა განახორციელა ვახო სანაიას თანმხლების მიმართ.

პროკურატურამ აღნიშნულ პირებს ბრალდება ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის მუხლებით წარუდგინა.

სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.