ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

21 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გადაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდებული ქეთევან ცერცვაძე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელია.

საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან პაციენტის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა. ბრალდების მხარე სწორედ გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ გირაოზე იშუამდგომლა.

„მე ამ საქმეს თავს შევაკლავ და აუცილებლად დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ საზოგადოებამ იცოდეს. მომავალში, თქვენ რომ პაციენტები გახდეთ, არ უნდა მიხვიდეთ ისეთ ჯალათ ექიმებთან, როგორიც დღეს საბრალდებო სკამზეა” – თქვა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ვახტანგ ჩარკვიანის მამამ.

ექიმს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის დარღვევა ედება (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია).