დევი კახოიძე დაკავებამდე არც გამოკითხულა. მისთვისაც შოკი იყო - ადვოკატი

პუბლიკა

„გრინსერვის +“-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, ვაკის პარკის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული დევი კახოიძე დაკავებამდე არ გამოკითხულა და საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილება მისთვის შოკი იყო.

„ბატონი დევი არც იყო დაბარებული საგამოძიებო უწყებაში და მისთვის კიდევ დამატებითი შოკი იყო მსგავსი გადაწყვეტილება, რაც საგამოძიებო ორგანოებმა მიიღეს“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

აჭარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „გრინსერვის +“-ის დაკავებული თანამშრომლები ითხოვენ, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება.

„რაიმე სახის ვერსიებზე საუბარი ნაადრევია, ამისთვის საჭიროა სრულყოფილი გამოძიება, რომელსაც ადგილი არ აქვს. ერთია მორალური პასუხისმგებლობა და მეორეა სამართლებრივი დადგენილება, რომელიც არის წარდგენილი, სწორედ ამას უკავშირდება ის პოზიცია, რომელიც გაგაცანით“, – აღნიშნა რევაზ აჭარაძემ.


ვაკის პარკში მომხდარზე პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდება  წარედგინათ  თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, შპს  „გრინსერვისი +“-ის ქვეკონრაქტორი ფირმის – „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს, „ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს „მშენ-ექსპერტის“ დირექტორს და ექსპერტს.