ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ბავშვები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ბავშვები შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ.
ტელეკომპანიის ცნობით, თბილისის მერმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო და თქვა, რომ საკითხს „მოიკითხავენ“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – გათვალისწინებულია თუ არა რისკები? – მან ასე უპასუხა:
„ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, ვინც მუშაობდა“, – თქვა კალაძემ.
გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.
მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია.