ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ, კომპანიას ორი მლნ 800 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, ეს თანხა დაახლოებით, სამი მლნ აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან თავიდან იყო მოთხოვნილი.
„ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად, 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა დედაქალაქი მერი, გასცა ზონალური შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ. ბევრი ადამიანი აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობდით. დღეს მონაცვლეობა განხორციელებულია. პირველად შემოთავაზებული საკომპენსაციო ოდენობა 5 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი გახლდათ. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. ნაკვეთის ღირებულება, რომელსაც ამ კომპანიას საკომპენსაციოდ გადავცემთ, არის 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი, რაც თავიდან მოთხოვნილ თანხაზე, დაახლოებით, 3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადების წერილობით ვერსიას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.