ვაკის საოლქო კომისიასთან დაკავებული ზვიად კუპრავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პუბლიკა

ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირების დროს დაკავებული ზვიად კუპრავა პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საუფძველზე გაათავისუფლეს.

„მითხრეს, რომ ვიყავი 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული, რაც არის ერთის მხრივ, სამართალდამცავის სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა, სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია. მეორე მუხლი დაუმორჩიელბლობას გულისხმობს. მას შემდეგ, რაც ოქმები შეადგინეს, გვითხრეს, ხელწერილი დაწერეთ და გათავისუფლებთო.

ეს ბრძოლა არ გაჩერდება, გაგრძელდება გამარჯვებამდე, რამდენს დაგვიჭერენ?“. დამაკავეს, გამოვედი და მივდივარ საოლქოში, უნდა დავამხო ამ ლაჩაშვილს თავისი დაწერილი, გადაწერილი ოქმები. ვერავის გაგვაჩერებთ!“, – განაცხადა კუპრავამ.

ვაკის #2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირების დროს 4 პირი დააკავეს.

თბილისში, ვაკის #2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც სხდომა მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები შეიკრიბნენ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომისიამ არ დააკმაყოფილა მათი საჩივრები, რომელთაც თან ერთვოდა მტკიცებულებებიც.

ხმაური მოჰყვა კომისიის შენობასთან ზვიად კუპრავას მისვლას. ის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ ადამიანების შეშვებას ითხოვდა, რომელთაც შესაბამისი მოწმობები ჰქონდათ, ასევე ითხოვდა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ბესიკ ლაჩაშვილთან შეხვედრას და აცხადებდა, რომ მისთვის მტკიცებულებების გადაცემას აპირებდა, რომელიც არჩევნების გაყალბებას ასახავდა.

მას შემდეგ რაც კუპრავას კომისიის თავმჯდომარე არ შეხვდა, კუპრავამ საარჩევნო ოქმები პოლიციელებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მიმართულებით ისროლა, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.