„ქართული ოცნების“ წევრი, ვაკო თურნავა გამოეხმაურა საზოგადოების აღელვებას, რაც „ოცნების“ პარლამენტის 27 მარტის ევროინტეგრაციისა და ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მისი და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს მოჰყვა.
თურნავამ „ფეისბუქსა“ და „ლინკდინზე“ დაწერა:
„ღია ბანკინგი – Open Banking – ევროკავშირში შემოღებულ იქნა გადახდის მომსახურებების გადახალისებული დირექტივის (PSD2) მეშვეობით. ეს დირექტივა ევროპარლამენტმა მიიღო 2015 წლის ოქტომბერში და მისი მიზანი იყო ინოვაციური ონლაინ და მობილური გადახდების განვითარებისა და გამოყენების ხელშეწყობა, ბანკებისთვის ლიცენზირებული მესამე მხარეებისთვის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის დაშვებით ანუ მომხმარებლის თანხმობით.
ეს დირექტივა ძალაში შევიდა 2018 წლის 13 იანვარს და სრულად ამოქმედდა 2019 წლის 14 სექტემბერს.
P.S. ცნობისთვის, ღია ბანკინგის დანერგვა ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრებისთვის“.
გუშინდელ სხდომაზე ეკატერინე გალდავამ თქვა, რომ ეროვნული ბანკი მუშაობს პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვისას VISA-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს.
გალდავას სწორედ ვაკო თურნავამ სთხოვა, აეხსნა, „როგორ მუშაობს ღია ბანკინგი და რატომ არის ის კარგი“.
„ანუ ღია ბანკინგი ნიშნავს ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე, შუამავლების გარეშე გადარიცხვას. დღეს ბარათის სისტემებს ვიყენებთ და ხვალ გამოვიყენებთ ანგარიშების სისტემას. ალბათ, მალე იქნება შესაძლებელი, ბარათის ნაცვლად მივაბათ ანგარიში.
ვუყურებდი ბოლო სტატისტიკას, VISA-ს და Mastercard-ს აქვთ ასობით მილიონი ლარი საკომისიო ქვეყნიდან გატანილი. კითხვაც ესაა: გამოიწვევს თუ არა ღია ბანკინგის ჩართვა და ალბათ გამოიწვევს, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება?“ – თქვა ვახტანგ თურნავამ.
ეკატერინე გალდავას თქმით, ღია ბანკინგის გარდა, მუშაობენ სხვა – „Switch national card processor-ის პროექტზეც, რომელიც ლარის გადარიცხვისას Visa-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს“.
მანვე გაუსვა ხაზი QR კოდებით გადახდის საკითხს, „რომელიც ასევე ნაწილია მყისიერი გადახდის სისტემისა“.
მოქალაქეებს შეექმნათ განცდა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოში VISA-ს და Mastercard-ის გამოყენება შეზღუდოს.
ვახტანგ თურნავა არის გადახდების სტარტაპის, Keepz-ის დამფუძნებელი.
„ტრადიციული ტერმინალის ციფრული ალტერნატივა სრულიად უფასოდ“ – ვკითხულობთ Keepz-ის საიტის პირველ გვერდზე. 2024 წელს კომპანიამ ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო.
„Keepz-ის მომხმარებლები მარტივად შეძლებენ როგორც კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ინფორმაციაზე წვდომას (რაც დაეხმარებათ მათ ფინანსების ანალიტიკაში), ასევე გადახდების მარტივად დაინიციირებას – QR კოდების საშუალებით“, – წერია ჟურნალ Entreprenuer-ში გამოქვეყნებულ სარეკლამო სტატიაში.
საჯარო რეესტრში არ იძებნება დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, თურნავა Keepz-ის წილს ფლობს.
თუმცა ბიზნესმედიაში ვხვდებით ვაკო თურნავას არაერთ ინტერვიუს, რომლებიც მასთან ჩაწერილია, როგორც აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელთან.