„ვაკვირდებით ილიაუნის წინააღმდეგ მედიით გავრცელებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს" - პროფესორები განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ეხმაურებიან პროსამთავრობო ტელევიზიების მიერ უნივერსიტეტის რექტორის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს და აცხადებენ, რომ აღნიშნული დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას წარმოადგენს. გთავაზობთ განცხადებას:

„რამდენიმე დღეა ვაკვირდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მედიით გავრცელებული დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას.

მიუხედავად უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებისა, გაცემული საჯარო ინფორმაციისა, გასაჯაროებული დოკუმენტებისა, სამ ტელევიზიაში – „იმედი”, POSTV და „რუსთავი 2″ – თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნა.

ამ კამპანიის გამოხატულებას წარმოადგენდა დღეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში გასული სიუჟეტი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე თავდასხმისათვის გამოყენებულ იქნა 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია, რომელიც უკავშირდებოდა ავტოავარიას, უბედურ შემთხვევას და რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან.

ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ვაცხადებთ, რომ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც უნდა აგრძელებდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების სრული დაცვით, რათა ხელი შეუწყოს ევროპული ღირებულებების დანერგვას სტუდენტებში, მომავალ თაობებში, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერთა სია იხილეთ ბმულზე.

საკითხს სოციალურ ქსელში დღეს ასევე გამოეხმაურა ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.

„დღევანდელი სიუჟეტით ბოლოსდაბოლოს გაირკვა რეალური მიზეზი, რატომ დაესხნენ თავს ილიას უნივერსიტეტს. არანაირი ფინანსური საფუძველი რომ არ არსებობდა, თავადაც კარგად იცოდნენ.

ეს წინასწარი მოსამზადებელი ფაზა იყო ჩემი ფსიქოლოგიური განადგურებისთვის და ამით უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებისთვის”, – წერს ის.

აღნიშნულ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებში პლატფორმა ეთმობა ორგანიზაცია „სტუდენტები სამართლიანობისთვის” წარმომადგენლებს, რომლებიც უნივერსიტეტს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მათივე თქმით, რექტორმა უნდა განმარტოს, არის თუ არა ის ნასამართლევი.