ვამბობდით რომ პენსიების სესხებზე შედეგს დავდებთთქო და აჰა, ეს დღეც დადგა - ელისაშვილი

პუბლიკა

„დღეს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე „ლიბერთი ბანკის“ მფლობელებმა და მმართველებმა დაადასტურეს რომ მზად არიან დაუყოვნებლივ გაწყვიტონ კონტრაქტი საპენსიო მომსახურებაზე და გადავიდნენ გარდამავალ რეჟიმში“, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი ავრცელებს.

“ვამბობდით რომ პენსიების სესხებთან დაკავშირებით შედეგს დავდებთთქო და აჰა ეს დღეც დადგა” – წერს ელისაშვილი ფეისბუქზე

როგორც ალექსანდრე ელისაშვილი წერს, კონტაქტრის მიხედვით პენსიონერებს ბანკი კიდევ ერთი წელი უნდა მომსახურებოდა, მაგრამ კონტრაქტი ამოიწურება ახალი სატენდერო პირობების შემუშავებისთანავე.

მისი თქმით, დიდი ალბათობით ახალი ტენდერი პენსიონერების მომსახურებაზე გამოცხადდება მიმდინარე წელს.

„ ლიბერთი ბანკი“ არ მოსთხოვს კრედიტის დაფარვას გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახის წევრებს. „ლიბერთი ბანკი“ დროში გაუნაწილებს სესხის თანხას პენსიონერებს რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხები და დიდ ტვირთად აწვებოდა მათი გადახდა.  „ლიბერთი ბანკი“ არა 36%, არამედ გაცილებით დაბალ პროცენტში მისცემს სესხს პენსიონერებს რომლებსაც თავდებში დაუდგება დასაქმებული და გარანტირებული შემოსავლის მქონე ოჯახის წევრი და ბოლოს: „ლიბერთი ბანკი“არ შეზღუდავს არცერთ პენსიონერს რომელიც მოისურვებს რომ პენსია ჩაერიცხოს ნებისმიერ სხვა ბანკში“, – წერს ალექსანდრე ელისაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.


აპრილში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში  პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა. საკომიტეტო მოსმენის მოთხოვნა მოქალაქეების ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა წამოაყენეს.

სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ და მოხსენებით გამოვიდნენ – „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

სხდომის ბოლოს კომიტეტის თავმჯდომარემ ჩამოაყალიბა ის რეკომენდაციები, რომლებიც სხვადასხვა მხარეს მიეცა:

„მინდა ვთხოვო ფინანსთა სამინისტროს, ასევე ეროვნულ ბანკს და სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომ ერთობლივად იმუშავონ იმ მექანიზმებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.

ასევე ეროვნულ ბანკს მინდა ვთხოვო, რომ კანონის შესაბამისად მისთვის მინიჭებული საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში სისტემატიურად განახორციელოს მონიტორინგი საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად.

ასევე რეკომენდაციას ვაძლევთ მომსახურების სააგენტოს, ახალი ხელშეკრულების დადების დროს გაითვალისწინოს პენსიონერებზე სესხის გაცემისას მაღალი საპროცენტო განაკვეთთან არსებული საკითხები”.