ვამუშავებთ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს - მინისტრი

პუბლიკა

„სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ამუშავებს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა განაცხადა, რომ ხარისხიანი უმაღლესი განათლება სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და აღნიშნული მიზნის მისაღწევად საზოგადოებას სამინისტროს ხედვა წარუდგინა. მისი განცხადებით, მიზნის მისაღწევად 3 ძირითადი ამოცანა იკვეთება:

პირველი უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების ხელშეწყობაა. მისი განმარტებით, ამ მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტებმა ინდუსტრიასთან კავშირში უნდა შეიმუშაონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განახორციელონ ერთობლივი/ორმაგი კვალიფიკაციის მიმნიჭებელი პროგრამები და მოიპოვონ საერთაშორისო აკრედიტაცია. უნივერსიტეტები შეფასდებიან ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის გზით.

მინისტრი ამბობს, რომ მეორე ამოცანა უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. მისი განმარტებით, მოხდება ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა: სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემოს განვითარება, უნივერსიტეტების აღჭურვა ადაპტირებული სასწავლო მასალებით, სპეციალური ტექნიკითა და რესურსებით, ასევე მოხდება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებიდან სტუდენტების უმაღლეს განათლებაში მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა.

მინისტრი ამბობს, რომ მესამე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს უმაღლესი განათლების ეფექტური დაფინანსების მოდელისა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტების განვითარებასა და ინსტიტუციურ მდგრადობას.

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ამუშავებს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ახალი მოდელის დანერგვის შედეგად უნივერსიტეტები შეძლებენ, დაგეგმონ სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ლაბორატორიების მოდერნიზაცია, დააფინანსონ სამეცნიერო კვლევები და დახვეწონ პროფესორთა ანაზღაურების სისტემა. ახალ მოდელში გათვალისწინებული იქნება რეგიონული უნივერსიტეტების საჭიროებები.

მისი თქმით,  გეგმის განსახორციელებლად ეტაპობრივად გაიზრდება უმაღლესი განათლების ბიუჯეტი, რომელიც 2030 წლისთვის 270 მლნ ლარს მიაღწევს.