ვამზადებთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს საქართველოსთვის - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები

პუბლიკა

დიპლომატიური კორპუსის ნაწილი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს მთავარობას ღია წერილით მიმართავენ. ორგანიზაციების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური რეცესია მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება. საქართველო კი, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობასა და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკუთრებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

ამ მიზეზების გამო, წერილის ხელმომწერების განცხადებით, ისინი ამზადებენ „ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე“.

ღია წერილში ნათქვამია, რომ ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. ამის მიუხედავად, როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები წერენ, საჭირო იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„არავინ უნდა გამოგვრჩეს: საჭიროა, დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს“, – ნათქვამია წერილში.

ორგანიზაციები და დიპლომატები წერენ, რომ ამ პანდემიის დასაძლევად საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება. ამიტომ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა – განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად მუშაობენ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერის აღმოსაჩენად.

„ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე. განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს საქართველოს ხალხისთვის. როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად „ძალა ერთობაშია“,“ – ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ:

სელიმ შეკირი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

მისი აღმატებულება დიეგო კოლასი

საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში

მაჩიე ჩურა

ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში

კატარინა ბიორლინ ჰანსენი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი

მისი აღმატებულება კარლ ჰარცელი

ელჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში

სებასტიან მოლინუსი

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში

შეინ როზენტალი

აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში

სიუპი ტერავანინტორნი

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო ოპერაციების დეპარტამენტი – რეგიონი II, გენერალური დირექტორი