ვანის მცხოვრები ნაზი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ გამგებელმა ალექსანდრე გოგორიშვილმა უყვირა, ხოლო მისმა თანმხლებმა აგინა, ხელი ჰკრა და წააქცია.
ნაზი ჩახუნაშვილი „პუბლიკას” უყვება, რომ გამგებელს დახმარების თხოვნით მიმართა — მისი თქით, დიდთოვლობის გამო ვანის სოფელ ტყელვანში ჩაკეტილები არიან მისი 88 წლის დედა, 60 წლის და – ონკოპაციენტი და და 32 წლის დისშვილი, რომელიც შშმ პირია.
ისინი სოფლიდან ვანში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ხოლო ელექტროენერგიის არარსებობის გამო მათი მოწყობილობები გამორთულია და ვერ უკავშირდება.
ნაზი ჩახუნაშვილის თქმით, მას ყურადღებას არ აქცევენ, რადგან ოპოზიციის მომხრეა.
„მე ვცხოვრობ გამგეობის წინ. 3 დღეა, გამგეობას ვთხოვ დახმარებას და არაფერი გამომივიდა.
გუშინ „იტირა” გამგებელმა, რა ვქნაო, აქეთ შემაცოდა თავი, ხვალ ამინდი გამოვაო.
ამ სოფელში „ოცნების“ მომხრეები სადაც ცხოვრობენ — სოფლის ნახევარში გაატარეს ტრაქტორი. დატოვეს სოფლის მეორე ნახევარი, სადაც ცხოვრობენ ოპოზიციონერები.
დილით მივედი გამგეობაში და მერს ვეუბნები, იქამდე რომ მისულხართ, იმ 100 მეტრშიც გადასულიყავით, ხომ იცით, ქეთოზე და დედაჩემზეა ლაპარაკი-მეთქი. შეიძლება მეტრნახევრიანმა თოვლმა ამ ძველი სახლის სახურავი ჩამოანგრიოს და ვერც გამოიქცევიან-მეთქი. მეტრ-ნახევარი თოვლი იდო გუშინ.
გამგებელმა ცოტა მკვახედ მიპასუხა, მიყვირა და ირგვლივ 20-მდე ადამიანი ჰყავდა. იმან რომ მიყვირა, ისინიც გათამამდნენ და ერთი მომვარდა, შემაგინა დედა, მკრა ხელი, დაგახრჩობ თოვლში, გიშველოს მიშამო“. – თქვა ნაზი ჩახუნაშვილმა.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში მოხალისეობრივად ასუფთავებდა სკვერს ქალაქის ცენტრში, შემდეგ კი გამგეობას სთხოვა, ოფიციალურად გაეფორმებინათ და ამაში ანაზღაურება აეღო, რაზეც გამგეობა დასთანხმდა.
როგორც ჩახუნაშვილი ამბობს, როცა დიდთოვლობის გამო ოჯახის წევრების დახმარება ითხოვა, „უმადური“ უწოდა მისი სამსახურის უფროსმა.
„ჩემი სამსახურის უფროსმა რა აღარ მეძახა: წადი, გაეთრიე აქედან, ჩაიგდე ენა, შე უმადურო, ახლა საგიჟეში წაგიყვანო. ძალიან გამოვედი წყობიდან. ახლაც ასე ვარ, წარმოიდგინეთ, ოჯახის 3 ავადმყოფი წევრი არ იცი, მკვდარია თუ ცოცხალია. მეც აღარ დავზოგე, ცხოვრებაში რომ არ ამომსვლია პირიდან, ისეთი სიტყვები ვეძახე.
ამხელა ქალი – 63 წლის ვარ, 20 კაცის წინ წავიქეცი და არავინ ხელიც არ მომკიდა. გამგებელს ზედმეტი არაფერი არ უთქვამს, მაგრამ ამ ყველაფერს უყურებდა”. – თქვა მან.
„პუბლიკა“ ვანის მერიას დაუკავშირდა.
განახლება:
ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ „პუბლიკას” წერილობით უპასუხა:
„სოფელ ტყელვანში გაიწმინდა ცენტრალური გზა და მიმდინარეობს პერიფერიული უბნების გაწმენდის პროცესი. რისი დასტურია ისიც რომ თქვენს მიერ აღნიშნული ქალბატონი ვანის მერიაში შეუფერხებლად მოდის. ხოლო რაც შეეხება ბრალდებას რაც არ ყოფილა იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”.
იმერეთში რამდენიმე დღეა, გადაუღებლად თოვს.
გზები გაწმენდილი არ არის, ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ვანში, ხარაგაულში, ბაღდათსა და ზესტაფონში.
იმერეთში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად შექმნილ მოხალისეობრივ FB ჯგუფში — „იმერეთის დასახმარებლად“ მოქალაქეები წერენ, რომ ვითარება მძიმეა.