„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, შალვა შავგულიძემ, ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, რომ ის და მისი პოლიტიკური გუნდი ვანო მერაბიშვილთან არც ერთი ფორმით პოლიტიკურ გაერთიანებას არ განიხილავს.
„რაც შეეხება ამ გარემოებას, მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. მოდით, შევხედოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვანო მერაბიშვილი. იმ კონტექსტში არ გაგცემთ პასუხს, რა ემუქრება ჩვენი და „ევროპული საქართველოს“ პარტნიორობას. ჩვენ პარტნიორობას გავაგრძელებთ, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ არ იყოს გაუგებარი საზოგადოებისთვის – „თავისუფალი დემოკრატები“, და პირადად მე, არ განვიხილავთ პერსპექტივას, რომ ვიქნებით რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში…, რომლის წევრიც იქნება უშუალოდ ვანო მერაბიშვილი“, – განაცხადა შავგულიძემ.
შალვა შავგულიძემ ხაზი გაუსვა თავის პარტიასა და „ევროპულ საქართველოს“ შორის ახლო პარტნიორობასაც.
„თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთს განვიხილავთ პარტნიორ პოლიტიკურ ძალად. ჩვენ გვაქვს ყველაზე ახლო პარტნიორული ურთიერთობა… ამ ერთიანობამ საკმაოდ კარგ გამოცდას გაუძლო მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში“, – განაცხადა შავგულიძემ.
7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა. მან გადაცემა „ღამის მთავარში“ განაცხადა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელ პარტიაში გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.
„მე გითხარით, რომ არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ პარტიაში გავერთიანდები… მე როცა ციხეში მოვხვდი პატიმრობაში, მაშინ ორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო ერთიანი პარტია და მე პრაქტიკულად იმ განცდით ვარ დღესაც“,-განაცხადა მერაბიშვილმა.