ვაპირებ, მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდაციას - ოქრუაშვილი

პუბლიკა

„ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში და ესეც ვერ შეასრულა. ხო ხედავთ?“, – ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმებაში, რომლის ნაწილიც, მისი თქმით, მათი გათავისუფლებაც იყო.

„განსაკუთრებით მადლობას ვეუბნები ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩსა და ევროკავშირის ელჩს, ასევე სენატორ რიშსა და ბატონ კუბილიუს. ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო პროცესის ცვლილებებისთვის. ეს შეთანმხება არ არის შეთანხმება არჩევნების შესახებ, ეს არის შეთანხმება საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილებისთვის და ყველამ კარგად გაითავისოს ეს, განსაკუთრებით ხელისუფლებამ. მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდაციას, რომ ოპოზიციამ მოახერხოს არჩევნებზე იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიის ლიდერები – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მან თავისი გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისა და დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მოტივით ახსნა.