„ვაპირებ მონაწილეობას არჩევნებში! უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა ჩამოსცილდეს მართვას“ - მუმლაძე

პუბლიკა

„გადაწყვეტილება მიღებულია! ვაპირებ მონაწილეობის მიღებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში!“ – წერს სოციალურ ქსელში გიორგი მუმლაძე.

მისი განცხადებით, მისი მიზანია „არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოსცილდეს პარტიის მართვას!“.

მუმლაძის თქმით, ცვლილებების შემდეგ პარტიამ რესურსი უნდა მიმართოს ბიძინა ივანიშვილის „იძულების კამპანიისკენ“, რითაც, მისი მტკიცებით, ციხიდან დაიხსნიან სააკაშვილს და გადაარჩენენ ევროატლანტიკურ მომავალს.

„მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!

პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!

ვიწვევ ნიკა მელიას, ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმენტირებულად ავუხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!“, – წერს მუმლაძე.


ნიკა მელიასა და გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირებაზე ოფიციალური განცხადებები 26 სექტემბერს გაკეთდა.

მას შემდეგ, რაც მუმლაძემ მელია და მისი გუნდი მასა და მის თანაგუნდელებზე ფიზიკურ დაპირისპირებაში დაადანაშაულა, ენმ-მ განცხადება გაავრცელა და მუმლაძე პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

მათ შორის დაპირისპირების მიზეზი, მუმლაძის თქმით, ნიკა მელიას საჯარო კრიტიკა გახდა.

ენმ კი ამტკიცებს, რომ მუმლაძის თანაგუნდელების გაღიზიანება სუსის აგენტებთან დაკავშირებით მედიაში გასულ სიუჟეტზე პარტიაში გაჩენილმა შეკითხვებმა გამოიწვია.