„ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას“ – წულუკიანი „ლიტერას“ კონკურსზე

პუბლიკა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კონკურს „ლიტერასთან“ დაკავშირებით აპირებდა სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი აქტების არარსებობის გამო, ეს ვერ შეძლო.

მან აღნიშა, რომ „ლიტერა” „კეზერაშვილის პრემია“ გახდა და სამინისტრო მას არ დაიბრუნებს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა.

„ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია „ლიტერა”. მე ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა „კეზერაშვილის პრემია”, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას.

მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ, როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა – „ლიტერა“, სახელმწიფო დონეზე არ იყო გამოცემული არცერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემია.

შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება, ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილებით, „კეზერაშვილის პრემია” დარჩება კეზერაშვილს“, – განაცხადა წულუკიანმა.


საქართველოს პენცენტრის განცხადებით, 2021 წელს პრემია პირველად დადგა ცენზურისა და გამჭვირვალების შეზღუდვის საფრთხის წინაშე და პროტესტის ნიშნად მწერლებმა თავიანთი წიგნები ჩახსნეს კონკურსიდან.

კონკურსის მონაწილეები პროტესტის მიზეზად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ასახელებდნენ, რომ „წელს პირველად ჟიურის ერთ-ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა“ და ბოიკოტს თეა წულუკიანს უცხადებდნენ.