ვაპირებთ, გავხსნათ თურქეთის ბაზარი, რაც გააიაფებს მედიკამენტებს - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა მედიკამენტების თურქული ბაზრის გახსნას გეგმავს. მისივე თქმით, მედიკამენტებზე ფასის შესამცირებლად იგეგმება სხვა ღონისძიებებიც.

„მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჩვენ ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც, ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს…

ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც, ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე.

ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის ანგარიშზე, ჯანდაცვის ახალი მინისტრი უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს და მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი ღონისძიებები.